საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდ ”სოხუმისა” და ბრიტანული ხომალდ ”HMS DEFENDER”-ის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართა

01-07-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდ "სოხუმისა" და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ის ეკიპაჟების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

სწავლება რამდენიმე ფაზად განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა ელემენტს, მათ შორის, სამოქალაქო ხომალდების გადაადგილების მონიტორინგს, ეჭვმიტანილი ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრას და მის გამოკითხვას, დაზიანებული ხომალდის ბუქსირების იმიტაციას და საზღვაო მანევრებს.

ერთობლივი წვრთნები ბრიტანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად.

საზღვაო სწავლება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებლის HMS DEFENDER-ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები