ინფორმაცია საშვის მაძიებელთათვის

სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების საშვის გაცემის პროცედურა

საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში დაშვებული საქმიანობის (სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი, ტურისტული, სამშენებლო, სანადირო, სათევზაო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა) განხორიელების მიზნით შესვლა, დროებითი ყოფნა და გადაადგილება, ესაჭიროებათ სპეციალური საშვი, რომლის აღებაც შესაძლებელია, როგორც სასაზღვრო პოლიციის ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, სიმონ კანდელაკის ქ. N12), ასევე სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში და სასაზღვრო სექტორებზე.
შეავსეთ საშვის მაძიებლის  განაცხადის ფორმა და გამოაგზავნეთ მისამართზე: bpol@mia.gov.ge
სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამუშაოთა წარმოების, პირთა შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების წესები (სასაზღვრო რეჟიმი) განისაზღვრება და შესაბამისი საშვის გაცემა ხორციელდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილების საფუძველზე.

საშვის მისაღებად, საშვის მაძიებელმა (ჯგუფის ხელმძღვანელმა), საჭიროა შეავსოს წესის №1 დანართით დამტკიცებული ფორმის განაცხადი, მატერიალური ფორმით წარადგინოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ან გამოგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე bpol@mia.gov.ge

ტურისტული მიზნით, საშვის მოთხოვნისას, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) დაგეგმილი გადაადგილების მარშრუტის ხაზი (დაწყების და დასრულების ლოკაცია);

ბ) მონაწილეთა (ჯგუფის წევრთა) მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის დასკანერებული ასლები.

მიზანშეწონილია, ტურისტული მარშრუტის შესრულებისას, პირმა თან იქონიოს გლობალური პოზიციონირების ხელსაწყო (GPS).

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასაზღვრო ზონა
სასაზღვრო ზონა არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით..
სასაზღვრო ზოლი
სასაზღვრო ზოლი არის არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს.