სასაზღვრო პოლიციის ისტორია და სიმბოლიკა

სასაზღვრო პოლიციის ისტორია

ძველ დროში, როცა საქართველოს საზღვრისპირა მოსახლეობა მეზობელი ქვეყნებიდან გახშირებული თავდასხმების გამო გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა, ქართველი მეფეები მენაპირე ლაშქრის ჩამოყალიბებისა და საზღვრისპირა ციხე-კოშკებში განლაგების აუცილებლობამდე მივიდნენ. იმ დროისათვის სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებლობას მენაპირე თავადები იღებდნენ. მათ პირდაპირ მოვალეობას ქვეყნის საზღვრის დაცვა და სასაზღვრო სვეტების, სამანების წესრიგში მოყვანა წარმოადგენდა.

ერთიანი საქართველოს სამანის ქვებზე გვხვდებოდა ასომთავრული „ჯ“-ს სტილიზებული გამოსახულება, რომელიც ჯერ კიდევ I-II საუკუნეებიდან არის ცნობილი და გამოსახულია ქართლის პიტიახშების საფლავებზე. თამარ მეფის ეპოქიდან აღნიშნული სიმბოლო სასაზღვრო ანუ სამანის ქვებსა და მონეტებზე იტვიფრებოდა.



1918 წლის მაისში ახალშექმნილი საქართველო სახელმწიფოს არსებობის პირველივე დღეებში საზღვრების საიმედო დაცვის წინაშე დადგა. ამის აუცილებლობას ქართველი სამხედროები ხედავდნენ, ამიტომაც სამხედრო სამინისტროს შემადგენლობაში სანაპირო ჯარის შექმნა იყო გადაწყვეტილი. 1918 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეიძეს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ დასამტკიცებლად გაუგზავნა საქართველოს სანაპირო რაზმის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტი, რომლის განმარტებით წერილში ნათქვამი იყო: "როგორც ზღვით ისე ხმელეთის სანაპირო ხაზზე თვალყურის დასაჭერად, უკანონო იარაღისა და კონტრაბანდის შემოტანისა და შეიარაღებულ ბრბოთა შემოპარვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარგად მოწყობილი სანაპირო ჯარების ყოლა." 

1918-1921 წლებში სანაპირო ჯარი სამხედრო სამინისტროს ექვემდებარებოდა. გარდა საზღვრების კონტროლისა, მესაზღვრეთა ნაწილები შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად იბრძოდნენ, როგორც ქვეითი ნაწილები.

1919 წლის ივლისის რეორგანიზაციამდე სანაპირო ჯარში შტატით 4 820 ოფიცერი და ჯარისკაცი მსახურობდა. ჩამოყალიბდა 3 რაზმი, თითოეულში 4 ნაწილი და 12 უბანი.

  • N1 შავი ზღვის (სოხუმი)
  • N2 მანგლისის (მანგლისი)
  • N3 დარიალის (დუშეთი)

არმიის რეორგანიზაციის შემდეგ სასაზღვრო ჯარის შტატმა შეადგინა 3 116 ოფიცერი და ჯარისკაცი.

  • სარდალი: სტეფანე ახმეტელაშვილი
  • სამმართველო: 37 კაცი (თბილისი)
  • თბილისის სადარაჯო ათასეული: 686 კაცი
  • ფოთის და ახალციხის რაზმები: თითოეულში 461 კაცი
  • სოხუმის, შულავერის, დარიალის და სიღნაღის რაზმებში: 359 კაცი
  • ფლოტილია: 35 მეზღვაური და 3 კატერი (პატარა კახი, ტარიელი და ავთანდილი).



1991 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და თავიდან დაიწყო ქვეყნისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის, მათ შორის სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბების რთული პროცესი.

  • 1992 წლის 8 აგვისტოს გამოიცა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ;
  • 1992 წელს შეიქმნა საქართველოს სასაზღვრო სამსახური, მას თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სტატუსი მიენიჭა;
  • 1994 წლის ივლისში, საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და 1996 წლის მარტში შეიქმნა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
  • 1998 წელს მიღებულ იქნა კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ”;
  • 1998 წელს ჩამოყალიბდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის სამსახური, ხოლო 1999 წელს - სასაზღვრო ავიაცია;
  • 1999 წლის 6 იანვრის ბრძანებულებით ყოველი წლის 21 მარტი მესაზღვრეთა დღედ დაწესდა.
  • 1999 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ბოლო სასაზღვრო ნაწილმა დატოვა საქართველო;
  • 2004 წლის 11 თებერვლიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
  • 2006 წლის 28 ივნისიდან შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი გარდაიქმნა სამართალდამცავ უწყებად - საქართველოს სასაზღვრო პოლიციად.


სასაზღვრო პოლიციის სიმბოლიკა

  • საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გერბი წარმოადგენს მრგვალ აღმოსავლურ ფარს, რომლის ცენტრში მწვანე ველზე გამოსახულია თამარ მეფის ხელრთვა ავტოგრაფი.

სასაზღვრო პოლიციის დროშა სანაპირო დაცვის დროშა სასაზღვრო ავიაციის დროშა

  • სასაზღვრო პოლიციის გერბის ცენტრში გამოსახული სიმბოლო ირიბი ჯვარია, რომელიც სასაზღვრო ნიშნებზე - სამანის ქვებზე გამოისახებოდა და ტერიტორიის დასასრულს აღნიშნავდა.
  • მრგვალი ფარი ქართველი მხედრებისთვის საუკუნეების განმავლობაში დაცვის საშუალებას წარმოადგენდა.
  • ფარზე დატანილია 52 მზის სხივი, რაც წელიწადის კვირა-შვიდეულის ალეგორიაა, ხოლო ოთხივე მხარეს გამოსახული ხმალი კომპოზიციურად მართლმადიდებლურ ჯვარს იმეორებს.