სასაზღვრო ავიაცია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის და ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, სამაშველო, სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარებისა და სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ოპერაციებსა და ღონისძიებებში.
სასაზღვრო ავიაცია ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის მონიტორინგს, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირებას - ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების დროს შესაბამის ღონისძიებებს, საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.
სასაზღვრო ავიაცია ეხმარება მაღალმთიან რეგიონებსა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას (სტიქიური უბედურების დროს, აგრეთვე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, აუცილებელი ყოფითი პრობლემების მოგვარების მიზნით და ა.შ).
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულ რეისებს ასრულებს თუშეთში. ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რეგულარული რეისების დანიშვნის შემდეგ, თუშეთში, ზამთრის პერიოდში 2-ჯერ მეტი მოსახლე რჩება. მათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.
სასაზღვრო ავიაციის მნიშვნელოვანი ფუნქციებია: გეგმიური და არაგეგმიური ამოცანების შესრულების განსახორციელებლად მფრინავი და ტექნიკური პერსონალის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა, მფრინავი და ტექნიკური პერსონალის მომზადება და გადამზადება და მათი დაშვება საფრენი აპარატების მომსახურებაზე; საფრენი აპარატების გამართულობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში საავიაციო ტექნიკის ვარგისიანობის დადგენა, საფრენოსნო და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება და დამტკიცება და სხვა.
2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ "H145"-ის ტიპის 3 შვეულმფრენი შეიძინა.
"H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად არის დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მფრინავებმა და საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა გერმანიაში, ,,Airbus Helicopters” - ის სასწავლო აკადემიაში გაიარა გადამზადება.
2 ვერტმფრენის ტრანსპორტირება საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ეკიპაჟის მიერ უკვე განხორციელდა. მესამე ვერტმფრენის ტრანსპორტირება უახლოეს მომავალში იგეგმება.