სახმელეთო საზღვრის დაცვა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, მასზედ დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის, ე.წ. “მწვანე საზღვრის”, ფიზიკურ და ტექნიკურ დაცვას. უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სასაზღვრო რეჟიმით დადგენილი წესების დაცვასა და კონტროლს, რისთვისაც კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სასაზღვრო პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, იძულების და სხვა სახის ღონისძიებებს. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
„მწვანე საზღვრის“ დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 1992 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც საზღვრის დაცვის ორგანიზების, მართვისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების, ისე სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის ელექტრონული დაკვირვებისა და აღმოჩენის სისტემებით აღჭურვის მიმართულებით, რაც სასაზღვრო ზონასა და ზოლში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთის და სამართალდარღვევებზე მყისიერი რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.
2020 წელს აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 4 სასაზღვრო სექტორი:
საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციაში განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.
2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით აშენდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი "ჩიჩხიტური" და აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დახმარებით აშენდა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი "ნიალა".
2021-2022 წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო პოლიციის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების, სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერების, სასაზღვრო სექტორების აღჭურვის, თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიების განვითარებისა და მესაზღვრეების გადამზადების კუთხით.
2021 – 2022 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგად სასაზღვრო პოლიციის მარეგულირებელი კანონმდებლობა არსებითად გაუმჯობესდა და დაიხვეწა.
2022 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190–ე მუხლით არის გათვალისწინებული; აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს სახმელეთო საზღვრის დაცვისა და კონტროლის გაძლიერებას.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დადგინდა და მკაფიოდ გაიწერა საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესები. დადგენილებით დეტალურად განიმარტა სასაზღვრო ზონასა და ზოლში დაშვებული და აკრძალული საქმიანობები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფ პირთა ვალდებულებები. ასევე განისაზღვრა სასაზღვრო ზონასა და ზოლში პირთა შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით შესაბამისი საშვის გაცემის წესები. ამავე დადგენილებით დამტკიცდა სასაზღვრო ზონისა და ზოლის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ნიშნები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, 2021 წლის 6 დეკემბერს მიღებულ იქნა ბრძანება „სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების საშვის გაცემის პროცედურის დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დეტალურად განისაზღვრა საშვის გაცემის პროცედურები, მათ შორის: დამტკიცდა საშვის მაძიებლის განაცხადის ახალი ფორმა.
2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება.