სანაპირო დაცვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სანაპირო დაცვა ახორციელებს საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ამოცანებს, აკონტროლებს საქართველოს საზღვაო სივრცეში დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს. ასევე, მონაწილეობს ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და საავარიო-სამაშველო ღონისძიებებში.
1998 წლის 16 ივლისს პირველად, კომპლექსურად, წინასწარ მომზადებული გეგმით, დაიწყო სანაპირო დაცვის ამოცანების შესრულება, რაც სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვასა და კონტროლს ითვალისწინებდა. სანაპირო დაცვის დანაყოფი სწრაფად ვითარდებოდა. წლიდან წლამდე ძლიერდებოდა ფლოტიც: სახელმწიფო ბიუჯეტით შეძენილი მცურავი საშუალებების გარდა, სანაპირო დაცვის შემადგენლობაში იყო ჩვენი პარტნიორების - ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის რესპუბლიკისა და უკრაინის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული ხომალდები და კატარღებიც.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო–საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. 2008 წლის ბოლოს კი, სანაპირო დაცვის ტრანსფორმაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი განხორციელდა. საქართველოს კანონში "თავდაცვის შესახებ" შეტანილი ცვლილების საფუძველზე, სამხედრო–საზღვაო ძალები სანაპირო დაცვის შემადგენლობაში გაერთიანდა.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტი 1998 წლიდან, მისი ისტორიის პირველივე დღეებიდან, მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისა და კანონაღსრულების (GBSLE), თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამების დახმარების ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მცურავი ერთეულების გადმოცემა, მოდერნიზაცია, სანაპირო დაცვის სადგურების, გემთსარემონტო სახელოსნოსა და ქ. ბათუმში ახალი ბაზირების პუნქტის მშენებლობა. აღნიშნული პროექტების მიზანია სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაზრდა - ინფრასტრუქტურის განვითარება, პირადი შემადგენლობის მომზადება და მატერიალურ–ტექნიკური აღჭურვა.
მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების აღჭურვის კუთხით. აბორდაჟის ორი ჯგუფი ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2017 წელს ჩაერთო. ჯგუფების სერტიფიცირების პროცესი ორ დონესა და ოთხ საფეხურს [SEL1, NEL1, SEL2, NEL2] მოიცავდა და მიზნად ისახავდა ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ნატოს საზღვაო ძალებთან. 2021 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს ნატოს ოთხდონიანი შეფასება, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 2022 წელს საქართველოს ხმელთაშუაზღვაში მიმდინარე ოპერაციის - "ზღვის მცველი"-ს ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა.
ამჟამად, ნატო-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორი მცურავი საშუალების შეფასების (სერტიფიცირების) პროცესი. აღნიშნული პროცესის მიზანია მცურავმა საშუალებებმა 2025 წლის ბოლომდე წარმატებით დაასრულონ შეფასება და მიიღონ ნატო-ს მორეაგირე ძალების სტატუსი (NATO Response Force).
აქტიურად მიმდინარეობს შავ ზღვაზე ვითარების გაცნობიერებულობის გაზრდის (MDA) პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო სივრცის ვითარების გაცნობიერებულობის (MDA) შესაძლებლობების გაუმჯობესებას. პროექტი რამდენიმე ფაზისგან შედგება და მის იმპლემენტაციას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) კოორდინაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპისა და აფრიკის საზღვაო ძალების სარდლობა (USNAVEUR) ახორციელებს. აღნიშნული პროექტი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო მონიტორინგის სახმელეთო ქვედანაყოფებში და მცურავ საშუალებებზე სანავიგაციო და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემების, რადიო კომუნიკაციის საშუალებების განახლებას და სათვალთვალო სისტემებით (ვიდეო-კამერებით) აღჭურვას ითვალისწინებს. ასევე, მიმდინარეობს წყალქვეშა უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდის პროცესი, რაც წყალქვეშა მონიტორინგის სტაციონალური და მობილური სისტემების შეძენას და პირადი შემადგენლობის მომზადებას ითვალისწინებს.
2010 წლიდან იწყება ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასთან თანამშრომლობის ისტორიაც. ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმი გაფორმდა სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის (MARCOM), რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამშრომლობის სფეროები. მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ალიანსის მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების, ასევე, ნატოს ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ხომალდებისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შემოსვლის დიპლომატიური ნებართვების გაცემის წესი გამარტივდა.
სანაპირო დაცვის ოპერაციული შესაძლებლობების გაზრდის ფარგლებში, არსებული ფლოტის გაძლიერების მიმართულებით 2018 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც განპირობებული იყო აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოსთვის 2 ერთეული „აილენდი“-ს კლასის სადარაჯო ხომალდის გადმოცემით.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით პროექტ „SAFE” - ის ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინაციით განხორციელდა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ,,დეფენდერის“ ტიპის ოთხი სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეძენა. კატარღები სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო - სამაშველო ოპერაციების ჩატარება.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით აშენდა. ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რომლებსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მისიაა საქართველოს საზღვაო სივრცეში რეალურ დროში საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის ერთიანი სისტემის შექმნა და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ცენტრი წარმოადგენს: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენის, აღმოფხვრის, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ხელშეწყობის, ზღვის გარემოს დაცვის, ბუნებრივ და სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის მექანიზმს; მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიების, მონაცემთა ელექტრონული ბაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ერთობლიობას.