სადარაჯო ხომალდმა "ოჩამჩირემ" საზღვაო სწავლება Breeze 21-ში მონაწილეობა მიიღო

29-07-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს შავ ზღვაზე გამართულ ათდღიან საზღვაო სწავლებაში "Breeze 2021". ერთობლივ წვრთნებში სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" (P23) მონაწილეობდა. 

სწავლება "Breeze" ბულგარეთის საზღვაო ძალების ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. მის მიზანს, რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, მონაწილე ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ოპერაციული ურთიერთქმედების გაძლიერება წარმოადგენს. 

სწავლება გამოგონილი სცენარის გათვალისწინებითა და ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა.

წელს სწავლებაში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2), ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2), 2100-მდე მოსამსახურე, 30 მცურავი საშუალება და 11 საფრენი აპარატი მონაწილეობდა. საქართველოს გარდა, წვრთნებში წელს 13 ქვეყანა - ალბანეთი, აშშ, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და უკრაინა - მონაწილეობდა.

ყოველწლიურ საზღვაო სწავლება "Breeze" წელს 25-ედ ჩატარდა. გასულ წელს სწავლებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები