შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ბ.ქ., 1992 წელს დაბადებული მ.დ. და 1982 წელს დაბადებული ე.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთის და უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტებზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მ.დ-მ და ე.ქ.-მ ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ბ.ქ-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით , უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.