სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

22-11-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის (NAVEUR) მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Phoenix Express 2024 მონაწილეობა მიიღეს.

საზღვაო სწავლება, ტუნისის რესპუბლიკაში ქალაქ ბიზერტასა და ლა-გულეტში, ხმელთაშუა ზღვაზე 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო უსაფრთხოებისა და კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების, მყვინთავთა და მცირე კატარღების შემადგენლობის, ასევე, სწავლების შტაბში მივლენილი სულ ოცი თანამშრომელი მონაწილეობდა. სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა.

სწავლების დასრულების შემდეგ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო 5 მათგანი ტუნისის სამხედრო-საზღვაო ძალების სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მსგავს საზღვაო სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა პირველად განხორციელდა.

ღონისძიებაში 37 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საზღვაო სწავლების მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალების შესაძლებლობების შეფასება, თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელების მიმართულებით.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები