სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური პროფესიული გადამზადების პროგრამა დაასრულეს

13-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 22 თანამშრომელმა, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის ,,სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა. სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა.

სწავლება 5 კვირიანი იყო და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: უსაფრთხოებისა და რისკების ანალიზი, საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე, სამართლებრივი და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები.

პროგრამის დასრულება მესაზღვრეებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი გურეშიძემ მიულოცა: „ამ პროგრამაში მონაწილეობით თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით პროფესიულ ცხოვრებაში! თქვენ აირჩიეთ მესაზღვრის პროფესია, რაც ძალიან საამაყო და დასაფასებელია. სასაზღვრო პოლიცია რთულ მისიას ასრულებს: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონის და საქართველოს საზღვაო სივრცის, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ, უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერი, განათლებული, საქმისა და ქვეყნის ერთგული მესაზღვრეებით გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიღებული ცოდნით, პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და თქვენი შემდგომი კეთილსინდისიერი საქმიანობით დადებით შედეგებს მოუტანთ სასაზღვრო პოლიციას“.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და პროფესიული საქმიანობის ეფექტურად შესრულებას ისახავს მიზნად.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები