საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა ნატოს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობა მეორედ მიიღო

09-10-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების 12-მა მოსამსახურემ, ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) მიიღო მონაწილეობა. 

ოპერაციის დაწყებამდე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ნატოს საზღვაო აკრძალვითი ოპერაციების საწვრთნელ ცენტრში (NMIOTC) ოპერაცია „ზღვის მცველში” მონაწილეობის მოსამზადებელი 3 დღიანი წვრთვნები გაიარეს. წვრთვნების დასრულების შემდგომ მოსამსახურეები საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე - HS AEGEAN განთავსდნენ და სამი კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში, ოპერაციის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ზღვაზე ყოფნის პერიოდში ნატოს ოპერაციის ღონისძიებები მოიცავდა სააბორდაჟო პროცედურებსა და წვრთნებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული ქვედანაყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით ჩაერთო. ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო გახდა პირველი ასპირანტი ქვეყანა, რომლის შესაბამისი ქვედანაყოფების ნატოს სერტიფიცირების ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ოპერაციის ,,ზღვის მცველი“, ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.

ნატოს ოპერაცია „ზღვის მცველი“, ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისათვის ერთადერთ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის მთავარი ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები