შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) საქართველოში აკრედიტებული, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ეწვივნენ. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.
ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. თავდაცვის ატაშეებმა ვიზიტი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მონახულებით დაიწყეს. შეხვედრაზე დელეგაციის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) საქმიანობის მიმართულებებს და პრიორიტეტებს გაეცნენ.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე თავდაცვის ატაშეებმა საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სტუმრებმა სანაპირო დაცვის ამოცანებსა და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მხარეებმა სანაპირო დაცვის ამოცანებზე, საქმიანობაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.