შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ანალიტიკოსთა მომზადების სასწავლო კურსი ჩაუტარდათ.
ტრენინგი აშშ-ის საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის საბრძოლო საინფორმაციო ცენტრის (U.S. Navy - NIWC Pacific) წარმომადგენლებმა, შავ ზღვაზე საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის გაზრდის (MDA) პროექტის ფარგლებში ჩაატარეს.
სასწავლო კურსის მიზანი იყო ელექტრონული ანალიტიკური პლატფორმა „SeaVision“-ის ახალი ფუნქციების მიმოხილვა, სამაგიდო სწავლებების (TTX) ჩატარება და გუნდური სამუშაოების შესრულება.
მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პლატფორმა „SeaVision“-ის გამოყენების უნარ-ჩვევებს და ერთიანი საზღვაო ოპერაციული სურათის შესაქმნელად დამატებით შეისწავლეს მისი საშუალებით მიღებული საზღვაო მონაცემების დამუშავების და ანალიზის მექანიზმები.
სწავლების დასასრულს, მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.