შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) უწყებათშორის სწავლებაში (JMOC TTX 2), რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიმართა.
სწავლების მიზანი იყო საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოების, ინციდენტებზე რეაგირებისა და მართვის უწყებათშორისი შესაძლებლობების შეფასება, ასევე, საზღვაო ვითარების გაცნობიერების (MDA) შესაძლებლობების ანალიზი, JMOC-ის უწყებათშორისი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების განხილვა, მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) და მასთან დაკავშირებული მასალების აღმოჩენა, აღკვეთა და საზღვაო სივრცეში მათ უკანონო გადაადგილებასთან ბრძოლის მეთოდების განხილვა.
ტრენინგში აგრეთვე მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები.
სწავლება ჩატარდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, სასტუმრო "შერატონში" (ბათუმში), ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში.