შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს.
სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოების ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნის წესების შესახებ შეხვედრები გაიმართა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან. სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტურ-ოპერატორების წარმომადგენლებსა და გიდებთან.
სასაზღვრო ზონაში გადაადგილებისთვის, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და შეავსოს საშვის მაძიებლის განაცხადის ფორმა ბმულზე. https://bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists
2022 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები იქნება გამოყენებული.