სასაზღვრო პოლიცია სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

24-07-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟი დაიწყო. 2022 წლის პირველი სექტემბრიდან კი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის სამართალდამრღვევი პირების მიმართ, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები იქნება გამოყენებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია რეგიონებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს.

შეხვედრების მიზანს გამაფრთხილებელი ნიშნების დანიშნულების, ასევე, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოების ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნის წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან გაიმართა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სასაზღვრო ზონასა და ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების, აგრეთვე, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე პირთა გადაადგილებისთვის საშვის გაცემის პროცედურებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სასაზღვრო რეგიონში გაიმართება.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები