შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს, ვიცე-ადმირალ კირილ მიხაილოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა შავ ზღვაზე უსაფრთხოების ვითარებაზე, ასევე, საქართველოსა და ბულგარეთის საპასუხისმგებლო საზღვაო არეალში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ბულგარულმა მხარემ სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის ამოცანებისა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა და სტუმრებს ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში არსებული შავი ზღვის რეგიონული საზღვაო საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობა გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში, რამაზ პაპიძე ნიკოლა ვაპცაროვის სახელობის საზღვაო აკადემიას ეწვია, არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებსა და ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ასევე მოინახულა ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ვარნის ბაზაზე მდებარე შავი ზღვის რეგიონული საზღვაო საკოორდინაციო ცენტრი და სამხედრო ხომალდი „სმელი“, ქალაქ ვარნაში არსებული გემთსარემონტო და გემთსაშენი ქარხანა დაათვალიერა და სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის საბრძოლო ხომალდის აგების პროცესს დაესწრო.