მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად სასაზღვრო სექტორ "ლეკისყურეს" ესტუმრა.
პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უწყების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა.
"შინაგან საქმეთა მინისტრისთვის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და, ამ კუთხით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: გაუმჯობესდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო საზღვარი დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა, განვითარდა სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობები და კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, რომ გასულ წელს აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა 4 სასაზღვრო სექტორი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სექტორი "ლეკისყურეც", რომლის ტერიტორიაზეც ახლა ვიმყოფებით, ერთ-ერთია ამ ოთხ სექტორს შორის. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას სასაზღვრო პოლიციის კიდევ უფრო გაძლიერებისა და მესაზღვრეების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.", - განაცხადა ნიკოლოზ შარაძემ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. მათ შორის, 5 მესაზღვრე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით "უმწიკვლო სამსახურისათვის" დაჯილდოვდა.