საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობს

04-05-2021

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი - "USCGC HAMILTON" (WMSL 753) შემოვიდა. ამერიკულ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება, ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას,ასევე, ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას.

"USCGC HAMILTON" ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს. ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - "დიოსკურიასა" და "ოჩამჩირეს" მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ის ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს.  ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორიქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე აშშ-ის ხომალდის მეთაურთან, I რანგის კაპიტან ტიმ ქრონინთან შეხვედრას ბათუმის სამმართველოში გამართავს.

ასევე, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC). ამერიკელი კოლეგები კი ქართულ დელეგაციებს ხომალდ "ჰამილტონზე" უმასპინძლებენ.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები