ნიკოლოზ შარაძემ ლიეტუველ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

11-05-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, შეხვედრა გამართა ლიეტუვას რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსთან, გენერალ რუსტამას ლუბაევასთან.

ონლაინ შეხვედრაში სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლკოვნიკი გოჩა ჯანჯღავა მონაწილეობდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება თანამშრომლების გაღრმავების საკითხებს დაეთმო. მხარეებმა მესაზღვრეების პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს საზღვრის თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით დაცვის საკითხებზე. კოლეგებმა ერთმანეთს პანდემიის პირობებში არსებული სასაზღვრო უსაფრთხოების გამოწვევების ეფექტურად გამკლავების გზებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ნიკოლოზ შარაძემ ლიეტუველ კოლეგას სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, უწყების პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ლიეტუვას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას 2021-2022 წლებისთვის. გეგმის თანახმად, ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება სახმელეთო საზღვრის დაცვის, სანაპირო დაცვის, ოპერატიულ-საგამოძიებო, ანალიტიკისა და კინოლოგიის სფეროებში გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები