შინაგან საქმეთა მინისტრს ბრიტანულ ხომალდზე უმასპინძლეს

27-06-2021

შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ზე საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ხომალდის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა ვინს ოუენმა უმასპინძლეს.

ხომალდის ოფიციალურ ტურში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდნენ.

მეთაურმა ვინს ოუენმა ქართული დელეგაციის წევრებს ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.

საპორტო ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. ასევე, ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები