შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

26-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების ჯგუფის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა აკადემიის რექტორმა, ლელა ჩიქოვანმა, რომელმაც კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობის დაწყება მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რაც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საქმეს უკავშირდება.

მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნას და ამ გზით ახალი კადრების პროფესიულ განვითარებასა და მათ ეფექტურ საქმიანობას სახელმწიფო საზღვრის დაცვაში.

20 კურსდამთავრებულისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, გიორგი გურეშიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები, ორივე ქვედანაყოფის ინსტრუქტორები და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომელთა ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების პროგრამა განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით. სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე, კოორდინირებული საქმიანობით და შეჯერებული დღის წესრიგით, უზრუნველყოფილ იქნა სწავლების ერთიანი სტანდარტი და მაღალი პროფესიული ხარისხის შენარჩუნება. მსგავსი თანამშრომლობა უწყებათაშორისი კოორდინაციის წარმატებული მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების სისტემის და პროფესიული რესურსის განვითარებას.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები