სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC), სამუშაო ვიზიტით, გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (GMCC) დირექტორის მოადგილე - ბრაიან უილსონი, აშშ-ის ეროვნული საზღვაო დაზვერვის ინტეგრაციის ოფისის საზღვაო დაზვერვის მენეჯერი - ჯოზეფ ქანინგემი და აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელი - პირველი რანგის კაპიტანი ჯონ დრისკოლი ესტუმრნენ.
ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის მხარდაჭერით განხორციელდა.
ამერიკელმა ექსპერტებმა სამაგიდო სავარჯიშოები ჩაატარეს, რომელთა მიზანი იყო საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ისეთი აქტუალური თემებისა და საკითხების განხილვა, როგორიც არის: უწყებათშორისი ინფორმაციის გაცვლის სისტემა; ცენტრის როლი კონფლიქტურ რეგიონებში წარმოშობილი საფრთხეების ფონზე; საზღვაო ვითარებაში გაცნობიერებულობის ამაღლება საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფარგლებში; უწყებათშორისი ინფორმაციის გაცვლა ზღვაზე და პორტებში მომხდარი ინციდენტის შესახებ, ასევე, გამოცდილების გაზიარება მოტივტივე საზღვაო ნაღმებთან დაკავშირებით.
სამაგიდო სავარჯიშოებში მონაწილეობდნენ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში კოორდინირებულ უწყებათა მუდმივი წარმომადგენლები, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს სრული შემადგენლობა.