სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადაეცა

13-04-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა. 

აღჭურვილობის გადაცემა პროექტების  - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და  "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკისა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს  მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.  

დაკვირვების თანამედროვე სისტემები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განთავსდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებას,  გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების  მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები