შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსთან - მაიორ ოთარ არშინაშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ შარაძე მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის გენერალური ინსპექტორატის უფროსს, პოლკოვნიკ როსიან ვასილოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს - ჟანა კოსტაკის და პოლიციის გენერალური ინსპექტორატის ხელმძღვანელობას. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატი, რეგიონული დანაყოფები, ასევე, სასაზღვრო პოლიციის კოლეჯი მოინახულა და აღნიშნული უწყებების საქმიანობას ადგილზე გაეცნო. რეგიონულ დანაყოფებში, სასაზღვრო სექტორებზე ვიზიტისას, ქართულ მხარეს წარუდგინეს სპეციალური ტექნიკა, რომელსაც მოლდოველი მესაზღვრეები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იყენებენ.