შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში ელექტრონული სწავლების პლატფორმა დაინერგა, რომლის მიზანია სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებს შორის სასწავლო ონლაინ შეხვედრების, აგრეთვე, ელექტრონული ტრენინგების ჩატარება და ვიდეოკონფერენციების გამართვა.
ელექტრონული სასწავლო სისტემა მატერიალური და დროის რესურსის დაზოგვის, აგრეთვე, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.
ელექტრონული სწავლება დაფუძნებულია განათლების სფეროში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მაღალი ინტერაქტიულობის მისაღწევად ფართოდ გამოიყენება შესაბამისი ტექსტური, ვიდეო და აუდიომასალა.
ელექტრონული სწავლების პლატფორმისთვის მომზადდა და მასზე აიტვირთა ტექსტური, ვიდეო და აუდიო ელექტრონული ინფორმაცია შემდეგი მიმართულებებით: ინსტრუქტორისა და მსმენელის სახელმძღვანელო ინსტრუქციები; ამერიკული ინგლისურის სასწავლო კურსის მასალა; სასაზღვრო პოლიციის მეკავშირეთა სასწავლო კურსის მასალა; შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალზე ჯარიმების ატვირთვის ინსტრუქცია.
დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი 60 ერთეული კომპიუტერი, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით არის გადმოცემული, გადანაწილდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამმართველოებს, სექტორებსა და სასაზღვრო პოლიციის სხვა ქვედანაყოფებს შორის.