შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე გაიმართა სადარაჯო ხომალდ „ქუთაისის“ შემადგენლობიდან გამოყვანის ოფიციალური ცერემონიალი, რომელიც 50 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შემადგენლობაში მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებდა.
ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი - ფატმა ჯერენ იაზგანი, ბათუმის გენერალური კონსული - რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი - ბურაქ ალთინერი და სამხედრო ატაშეს მოადგილე, II რანგის კაპიტანი - ფატიჰ ბალი დაესწრნენ. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ უმასპინძლა.
ცერემონიალზე თურქეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას და აღნიშნა, რომ გემთან გამომშვიდობების ეს ტრადიცია არის გაწეული ამაგის, თანამშრომლობისა და პროფესიის პატივისცემა, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს თურქეთ-საქართველოს მრავალწლიან მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობას. თურქეთის ელჩმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი და საქართველო ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ შავი ზღვის აღმოსავლეთში ერთმანეთისა და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, სასაზღვრო პოლიციის სახელით, თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისა და საზღვაო სფეროში საქართველო-თურქეთის ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობისათვის.
სადარაჯო ხომალდ „ქუთაისს“ მრავალწლიანი საინტერესო ისტორია აქვს. ხომალდი 1998 წელს საქართველოს დროებით სარგებლობაში გადმოეცა და 2009 წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში ფუნქციონირებდა. 2009 წლიდან საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების და საქართველოს სანაპირო დაცვის გაერთიანების შემდეგ დღემდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შემადგენლობაში იყო.
ხომალდს არაერთ ოპერაციასა და საერთაშორისო სწავლებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც თურქეთის რესპუბლიკის, ასევე, საქართველოს დროშის ქვეშ.