შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები „დიდგორი 2021”-ის საშტაბო და საველე კომპონენტებში მონაწილეობენ

11-11-2021

უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021", საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწას ემსახურება, აქტიურ ფაზაშია. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე წარმომადგენლები როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებში მონაწილეობს.

სწავლების აქტიურ ფაზაში საველე კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციისა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებთან კოორდინაციით გაათამაშეს. ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი დანაყოფის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სწავლების ფარგლებში, საშტაბო ნაწილში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტების წარმომადგენლები კრიზისების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის ორგანიზების და მუშაობის პროცესში არიან ჩართულები. სწავლებაში სულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი იღებს მონაწილეობას, რომლებიც 5 დღის განმავლობაში სამხედრო ბაზაზე, თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სივრცეში იმუშავებენ.

სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება. წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები