საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის ხომალდ Mount Whitney-ზე ოფიციალური მიღება გაიმართა

09-11-2021

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდზე - "USS Mount Whitney" (LCC 20) ოფიციალური მიღება გაიმართა. ბათუმში აღნიშნულ ხომალდზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ მაიორი ნიკოლოზ შარაძე დაესწრო. სტუმრებს მე-6 ფლოტის უფროსმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ - ვიცე-ადმირალმა ეუჯინ ბლექმა, ხომალდ "Mount Whitney"-ის მეთაურმა - დანიელ პროჩაზკამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში - კელი დეგნანმა უმასპინძლეს.

ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.

გემის ეკიპაჟმა სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური გამართა, რომელზეც ხომალდის მეთაურისგან "Mount Whitney"-ის ამოცანების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოისმინეს.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) 8 ნოემბერს შემოვიდნენ.

ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორს - საქართველოს შორის, ასევე, ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას.

ხომალდები - USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მე-6 ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული ი. დ., .2002 წელს დაბადებული მ. თ., 1983 წელს დაბადებული ა. ფ., 1997 წელს დაბადებული მ. ა., 1985 წელს დაბადებული მ. რ., 1993 წელს დაბადებული მ. ი., 1981 წელს დაბადებული ო. მ. და 1978 წელს დაბადებული გ. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ, გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე დააკავეს.

21-02-2025
კატეგორიები