საქართველოს დელეგაციას ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის გემზე უმასპინძლეს

05-05-2021

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის გემზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და ხომალდის მეთაურმა, I რანგის კაპიტანმა ტიმ ქრონინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ შარაძეს უმასპინძლეს.

ოფიციალურ ტურში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ქართული დელეგაციის წევრებმა ამერიკული ხომალდი დაათვალიერეს და ხომალდის მეთაურისგან მისი ოპერაციული შესაძლებლობებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი - "USCGC HAMILTON" (WMSL 753) ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა. ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - "დიოსკურიასა" და "ოჩამჩირეს" მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება, ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, ასევე, ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს ხვალ, 6 მაისს დატოვებს.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები