შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის, "სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა" დასრულდა.
ორთვიანი კურსის ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდა, სექტორების ხელმძღვანელებმა უსაფრთხოებისა და რისკების ანალიზი, ასევე, სამართლებრივი და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს.
სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი გურეშიძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორმა ლელა ჩიქოვანმა, სასწავლო პროგრამის ცამეტ კურსდამთავრებულს, კურსის დასრულება მიულოცეს.
"კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიული პროგრამის დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან თქვენ, თქვენს მესაზღვრეებთან ერთად, კიდევ უფრო დიდი შემართებით დაიცავთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სექტორის მართვის დროს იქნებით ყოველ დეტალზე ორიენტირებული, ყოველი თქვენი ქმედება იქნება კეთილსინდისიერი და სასაზღვრო პოლიციის ამოცანების წარმატებით შესრულებაზე ორიენტირებული", - აღნიშნა გიორგი გურეშიძემ.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ - გიორგი გურეშიძემ გადასცა.
ღონისძიებას ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გივი გორდაძე და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.