სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა

12-12-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - რობინ დანიგანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, რამაზ პაპიძემ უმასპინძლეს.

შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ეროლ მუნირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი საზღვაო გაცნობიერებულობის საკითხებში სტივენ ბაუერი და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, აშშ-ის ელჩს და დელეგაციის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო, სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ბათუმში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტი, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზა მოინახულეს, ასევე, „აილენდ“ კლასის მცურავი საშუალებით, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ქართულ მხარეს მასპინძლობისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები