სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მონაწილეობა მიიღეს Frontex-ის მმართველი საბჭოსა და ევროკავშირის გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფი პარტნიორების შეხვედრაში

24-11-2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ მონაწილეობა მიიღეს ვარშავაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში ევროკავშირის გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფ პარტნიორი ქვეყნების საზღვრის მართვის სამსახურების ხელმძღვანელებსა და ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) მმართველ საბჭოს შორის.

ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს Frontex-ის აღმასრულებელ დირექტორთან - ჰანს ლეიტენსთან. მხარეებმა, თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.

საქართველო, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფი ქვეყანა, ევროკავშირის პარტნიორ სხვა ქვეყნებთან ერთად პირველად მონაწილეობს ასეთი ფორმატის შეხვედრაში.

მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა, Frontex-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სტატუს შეთანხმებების განხორციელების, დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს Frontex-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების წარმატებულ პრაქტიკას.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები