საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

14-11-2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო დანაყოფის თანამშრომლებს ერთობლივი წვრთნები ჩაუტარდათ.

,,საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2023” თურქეთის რესპუბლიკის მასპინძლობით, ართვინის გუბერნიაში საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

წვრთნების მიზანს ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება წარმოადგენდა. სწავლების ფარგლებში, მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები დახვეწეს.

სწავლების ფარგლებში, საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო დანაყოფებს შორის სპორტული ღონისძიებები გაიმართა მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში და ჭადრაკში.

შემაჯამებელი ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის ართვინის გუბერნიაში გაიმართა. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა მარტიაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა მეჰმეთ ჯიჰანოღლუმ დადებითად შეაფასეს ჩატარებული წვრთნები და მონაწილეებს წარმატებული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადეს.

წვრთნების შეჯამებისას, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა მარტიაშვილმა აღნიშნა, რომ სწავლებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლების მზაობის მაღალი დონე, ერთობლივი ძალისხმევით ეფექტიანად შეასრულონ მათ წინაშე დასახული ამოცანები და აღკვეთონ სახელმწიფო საზღვარზე ისეთი ტრანსსასაზღვრო დანაშაული, როგორიც არის არალეგალური მიგრაცია, ნარკოტიკების, იარაღის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო გადაადგილება, ტერორიზმი და სხვა.

ღონისძიების დასასრულს, წვრთნებში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები