საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

14-11-2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო დანაყოფის თანამშრომლებს ერთობლივი წვრთნები ჩაუტარდათ.

,,საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2023” თურქეთის რესპუბლიკის მასპინძლობით, ართვინის გუბერნიაში საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

წვრთნების მიზანს ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება წარმოადგენდა. სწავლების ფარგლებში, მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები დახვეწეს.

სწავლების ფარგლებში, საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო დანაყოფებს შორის სპორტული ღონისძიებები გაიმართა მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში და ჭადრაკში.

შემაჯამებელი ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის ართვინის გუბერნიაში გაიმართა. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა მარტიაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა მეჰმეთ ჯიჰანოღლუმ დადებითად შეაფასეს ჩატარებული წვრთნები და მონაწილეებს წარმატებული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადეს.

წვრთნების შეჯამებისას, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა მარტიაშვილმა აღნიშნა, რომ სწავლებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლების მზაობის მაღალი დონე, ერთობლივი ძალისხმევით ეფექტიანად შეასრულონ მათ წინაშე დასახული ამოცანები და აღკვეთონ სახელმწიფო საზღვარზე ისეთი ტრანსსასაზღვრო დანაშაული, როგორიც არის არალეგალური მიგრაცია, ნარკოტიკების, იარაღის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო გადაადგილება, ტერორიზმი და სხვა.

ღონისძიების დასასრულს, წვრთნებში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

15-05-2025
კატეგორიები