ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა

19-10-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელს - ჰანა ტობორნს და აშშ-ის ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს შეხვდა.

სასაზღვრო პოლიციაში გამართულ შეხვედრას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი - I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში - პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და სამხედრო თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი - ვიცე-პოლკოვნიკი პოვილას სტრაზდასი დაესწრნენ.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და, ამ კონტექსტში, სანაპირო დაცვის როლზე. დელეგაციის წევრებმა აშშ-ის მხარდაჭერით სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული პროექტების, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრა და ამერიკულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა კი სტუმრებს საქართველოს სანაპირო დაცვის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც ისაუბრეს. აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები