სასაზღვრო პოლიციის 15 თანამშრომელმა პროფესიული გადამზადების პროგრამა დაასრულა (EN)

19-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 15 თანამშრომელმა, სასაზღვრო სექტორების სპეციალისტების (სექტორის ზემდეგი) გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა.

სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა.

სწავლება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: სამართლებრივი მომზადება, უსაფრთხოების საკითხები, სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება, ტოპოგრაფია, კვალმაძიებლობა, კავშირგაბმულობა, საცეცხლე და საინჟინრო მომზადება, სასაზღვრო სამსახური, საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფა, სამწყობრო მომზადება.

პროგრამის დასრულების ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ოთარ არშინაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა: „დარწმუნებული ვარ, კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ განიმტკიცეთ პროფესიული უნარ - ჩვევები, აიმაღლეთ ცოდნის დონე, კვალიფიკაცია და უფრო მეტი მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას სასაზღვრო სექტორებზე. თითოეული მესაზღვრის საქმიანობა ძალიან დასაფასებელია. ჩვენი პროფესია მეტად საპასუხისმგებლოა, ამიტომ თითოეული თქვენგანის მიერ შესრულებული საქმიანობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და უშეცდომო. კანონის, სამსახურებრივი ინსტრუქციებისა და ეთიკის ნორმების დაცვა - ეს არის მესაზღვრის პირდაპირი ვალდებულება. თქვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ამიტომ მესაზღვრეების პროფესიონალიზმი და წესიერება მთავარი პრიორიტეტია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მესაზღვრეებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრს კურსის შემუშავებისა და ორგანიზებისთვის“.

პროგრამის დასასრულს, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

(EN)
Photo reportage