თემურ კეკელიძემ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა აკეთებს მაქსიმუმს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საზღვაო სფეროში, ისევე როგორც ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისათვის, კიდევ უფრო გააღრმავოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად." - განაცხადა თემურ კეკელიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი უძღვებოდა, საქართველოს მხრიდან კი ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა.

სხდომაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და პრაქტიკულ ჩართულობას, მათ შორის, საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ბრიუსელის სამიტზე შავი ზღვის რეგიონთან დაკავშრებით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში.  აღნიშნულ პროცესში, ინიციატივების ძირითადი ნაწილის განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ეკისრება.

სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი. ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა.

სიახლეების გამოწერა