თემურ კეკელიძე ამერიკულ ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდ „USS ROSS"-ზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა და ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა დევიდ კოულსმა გახსნეს.

საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

"არლი ბიორკის" კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი "USS ROSS" (DDG-71) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 21 აპრილს შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებსა და ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის. დაგეგმილია ერთობლივი საზღვაო წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდებთან „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად.

აშშ-ის ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 25 აპრილს დატოვებს.

სიახლეების გამოწერა