შსს-ს -ს სასაზღვრო პოლიციას DTRA-ს დელეგაცია ეწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრებს: DTRA-ს ევრაზიის ოფისის უფროსს, პოლკოვნიკ ჯეიმს ჰოგანს, ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილეს, მაიორ ქორთნი ოლსონს, პროექტების მენეჯერებს - ელისაბედ დუფრეინსა და კენის კარმიმაიქლს, ასევე, კონტრაქტორ ლორენ ბარდენს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში ერთობლივად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, ასევე, აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა, აშენებული და განახლებული სექტორების დათვალიერება.

DTRA-ს დახმარებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, კერძოდ, აშენდა ახალი სასაზღვრო სექტორები, ლილოს ბაზაზე - კინოლოგიის ცენტრი, განახლდა გემთსარემონტო ინფრასტრუქტურა, განხორციელდა სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია, სახელმწიფო საზღვარი კი ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღიჭურვა.

სიახლეების გამოწერა