შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკულ ხომალდს მასპინძლობს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) შემოვიდა. ბათუმში გემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ემზარ აბრამიშვილი ხომალდის მეთაურს, კაპიტან ქრეგ ტრენტს შეხვდა. პარალელურად, საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართა ამერიკული ხომალდის ეკიპაჟსა და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე მხარეებმა დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებზე ისაუბრეს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი USS Porter (DDG 78) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მეორედ იმყოფება. იგი, საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებთან - „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად, საზღვაო წვრთნებს ჩაატარებს.

ამერიკული ხომალდის საპორტო ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.

USS Porter (DDG 78) აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში, მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს, ხელს უწყობს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში. აღნიშნული ხომალდი არის Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, რომელსაც აქვს წყალქვეშა ნავებისა და ბალისტიკური რაკეტების მოგერიების ტექნიკური შესაძლებლობები.

სიახლეების გამოწერა