საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს კელი დეგნანი ესტუმრა

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ესტუმრა. ამერიკულ დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა. 

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის სიტუაციური ოთახი პირადად დაათვალიერა. ცენტრის უფროსმა, II რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ აშშ-ის ელჩს ცენტრის ამოცანები და ყოველდღიური საქმიანობა დეტალურად გააცნო.

შეხვედრაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ისაუბრა ცენტრის როლზე საზღვაო სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობის გასაძლიერებლად და, ასევე, ხაზი გაუსვა JMOC-ის მნიშვნელობას, შავი ზღვაზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წინაშე არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. 

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერით აშენდა. ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რომლებსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს. 

სიახლეების გამოწერა