სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვია.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს მოიცავდა. შეხვედრას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა მოკავშირეებთან ერთად განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავ ზღვაზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, თეიმურაზ კეკელიძემ ჯეიმს აპატურაისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თეიმურაზ კეკელიძემ ჯეიმს აპატურაის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის კუთხით მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ასევე, შეხვდა ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს - ჯული ფიშერს. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დინამიკა განიხილეს.

სიახლეების გამოწერა