სასაზღვრო პოლიციას რუმინეთის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას რუმინეთის სასაზღვრო პოლიციის გენერალური ინსპექტორატის უფროსის მოადგილე, ტატიანა ივანი და რუმინეთის საერთაშორის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური მენეჯერი, კატალინ კონსტანტინ ჰარნაგეა ეწვივნენ. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ  კეკელიძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  თემურ კეკელიძემ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

რუმინეთი, როგორც შავ ზღვაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, გამოხატავს მზადყოფნას,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ფარგლებში, დაეხმაროს საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების პროექტის განხორციელების მიმართულებით. ამ მიზნით, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC)  თანამშრომლებისთვის სწავლებების უზრუნველყოფას, საზღვაო მონიტორინგისა და ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩატარების კუთხით. აღნიშნული ხელს შეუწყობს შავ ზღვაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას.

ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის დელეგაცია, ასევე, ეწვია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზასა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC). სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სამომავლო თანამშრომლობისთვის კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.

სიახლეების გამოწერა