საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფრანგული ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ (F796) შემოვიდა. საფრანგეთის დელეგაციას ხომალდის მეთაური, III რანგის კაპიტანი მაქსიმ ლერუა ხელმძღვანელობს. ბათუმის პორტში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.

„ყოველივე მსგავს ვიზიტს აქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილი, რომელიც არის კიდევ და კიდევ დადასტურება ალიანსისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ მხარდაჭერის“, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგული ხომალდის მეთაური, მაქსიმ ლერუა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და დაგეგმილი ერთობლივი სწავლებების საკითხები განიხილეს.

„ფრანგული ხომალდი სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ბათუმში. ეს  ჩვენთვის არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ თავისუფალი ნაოსნობისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა ყველა ზღვაში. ასევე, ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ურთიერთობა გავაღრმავოთ ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი საქართველოს სანაპირო დაცვასთან, რომელთანაც, ვიზიტის ფარგლებში, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ჩვენი მიზანია ერთად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ რეგიონის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ხომალდ "კომანდან ბიროს" მეთაურმა, მაქსიმ ლერუამ.

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის საპატრულო ხომალდზე, ფრანგი მეზღვაურებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივი სწავლებები ჩატარდება. წვრთნების მიზანია ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

„კომანდან ბირო“ ბათუმის ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს.

სიახლეების გამოწერა