სანაპირო დაცვის დეპარტამენტს თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდალი, კონტრ-ადმირალი აჰმეთ ქენდირი  დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ და სანაპირო დაცვის დეპარატმენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა უმასპინძლეს.

მხარეებმა საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ტექნიკური განახლებისა და სწავლებების კუთხით კონკრეტული გეგმები განიხილეს.

კონტრ-ადმირალმა აჰმეთ ქენდირმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის გემთსარემონტო ბაზა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის დელეგაციამ სანაპირო დაცვის ნავმისადგომში ბაზირებული თურქული გემი  “TCSG-95” მოინახულა.

“TCSG-95” საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდ „ოჩამჩირესთან“ ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნაში მიიღო მონაწილეობა.

საპორტო ვიზიტები საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და შავი ზღვის აუზში რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სიახლეების გამოწერა