ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაური სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვია

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) მეთაური, II რანგის კაპიტანი ფრანკ მაგინსკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა უმასპინძლა.

შეხვედრას ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდების კაპიტნები, ბულგარეთის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მხარეებმა ვიზიტის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ღონისძიებებსა და საჩვენებელ წვრთნებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა სწავლებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და უსაფრთხოების საკითხები საბოლოოდ შეაჯამეს და მოსალოდნელი შედეგები მიმოიხილეს.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ერთობლივი წვრთნები 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოსა და ალიანსის საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში შედის. მისი ერთ-ერთი ამოცანაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის ხაზგასმა და პარტნიორ სახელმწიფოებთან საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული შენაერთები ალიანსის სიმტკიცის და სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენენ და, ამავდროულად, საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი აქტივობებით ხელს უწყობენ პარტნიორ სახელმწიფოებსა და ნატოს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.

სიახლეების გამოწერა