ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ხომალდი „CARNEY“ (DDG 64) შემოვიდა. ამერიკის სამხედრო-საზღვაო დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმის ნავსადგურში დახვდნენ.

ვიზიტის მიზანია შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განხორციელება, რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა,  საზღვაო კომპონენტებთან  მათი თავსებადობის ამაღლება და საქართველო-ამერიკის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ხომალდის მეთაურს, II რანგის კაპიტანს ტაისონ იანგს შეხვდნენ.

ამერიკული ხომალდის ბორტზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსს გაივლიან. ასევე, ერთობლივი სწავლებები ჩატარდება  კომუნიკაციისა და გემის შემოწმების საკითხებში.  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საპატრულო კატარღებისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის მონაწილეობით დაგეგმილია შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნებისა და  საზღვაო მანევრების განხორციელება.  

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის  ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოს 25 აგვისტოს დატოვებს.

სიახლეების გამოწერა