თემურ კეკელიძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე - 21 მარტი მიულოცა. 

სასაზღვრო პოლიციის მართვის ცენტრიდან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, თემურ კეკელიძე მოადგილეებსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა დანაყოფს ჩაერთო, მესაზღვრის დღე პირადად მიულოცა და ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული ერთგული სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"იყო შენი ქვეყნის მესაზღვრე უდიდესი პატივი და, ამავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ სრულად ვიაზრებთ ამ პასუხისმგებლობას და ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სასაზღვრო უწყება კიდევ უფრო გაძლიერდეს, თითოეულ მესაზღვრეს კი სათანადო სამუშაო და სოციალური პირობები ჰქონდეს", - აღნიშნა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა. 

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დანაყოფებს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ზომების შესახებ დამატებითი რეკომენდაციები და მითითებები მისცა. სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა სახმელეთო და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებისგან ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

 

სიახლეების გამოწერა