შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საზღვარზე უცხოელ მებრძოლ ტერორისტთა იდენტიფიკაციის საკითხზე სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საზღვარზე უცხოელ მებრძოლ ტერორისტთა იდენტიფიკაციის საკითხზე სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მხარდაჭერით ჩატარდა.

ტრენინგში სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ეუთოსა და სამხრეთ კავკასიის ნარკოტიკებისა და დანაშაულის მონიტორინგის ცენტრის საერთაშორისო ექსპერტები, ასევე, ტრენერები საქართველოდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან.

სწავლება მოიცავდა საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ჩარჩო-ხელშეკრულებების, რისკის ანალიზისა და მართვის, ასევე, სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების  საკითხებს.

ტრენინგის მონაწილეები საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის სასაზღვრო სექტორსა და საკონტროლო გამტარ პუნქტს ესტუმრნენ, სადაც ინფორმაცია მიიღეს საზღვრის დემარკაციის საკითხებზე, ასევე, საკონტროლო გამტარ პუნქტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ. სასწავლო კურსის მსმენელებმა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების თანამედროვე საშუალებები დაათვალიერეს.

სწავლების დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

სიახლეების გამოწერა